logo
ENG



"რეგულაციები კუთვნილ სივრცეებში, აკრედიტაცია" - საპატრიარქო მედიას შეზღუდვებს უწესებს

28 ოქტ 202215:24
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს "ვითარების შესაბამის რეგულაციებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციებს უწესებს". ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე თქვა.

ჯაღმაიძის მტკიცებით, "თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად".

"გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც ეფუძნება კანონს, საპატრიარქოში მიღებული გადაწყვეტილება ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილი სივრცეებში, რაც გამომდინარე საჭიროებიდან, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობებს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციის თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით, აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყენებული ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს დასწრების საკითხი", - თქვა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ "სასულიერო პირისთვის არსებული მნიშვნელობისაა ტაძარში წირვამდე შევიდეს აუღელვებლად, საზეიმო მსახურებისთვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე".

"ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუებზე მიმართვა მსახურების წინ. სასულიერო პირის უარი ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება, თავის მხრივ სასულიერო პირისათვის არსებული მნიშვნელობისაა ტაძარში, წირვამდე შევიდეს აუღელვებლად, საზეიმო მსახურებისათვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე", - ამბობს ჯაღმაიძე.


close დახურვა